26/11/2020

საერთაშორისო ბაზარი - გამოწვევა და პერსპექტივა

import_export.jpg

მცირე ბიზნესების უმრავლესობა სადღაც ერთ ლოკაციაზე იქმნდებოდა და წლების მანძილზე ამ სივრცეში, ამავე ბაზარზე მუშაობდა. ეს იყო ადრე... ახლა ბიზნესების დიდი ნაწილი იქმნება არა იმ სივრცეში, სადაც გეგმავს რომ გაყიდოს საკუთარი პროდუქტი ან სერვისი, არამედ იქ სადაც წარმოების პროცესი მისთვის ყველაზე მეტად ეფექტურია. ოცდამეერთე საუკუნის ტექნოლოგიური პროგრესი გვაძლევს საშუალებას თითქმის უგულვებელვყოთ დისტანცია და ისევე ვიაქტიუროთ გლობალურ  სავაჭრო სივრცეებში, როგორც ჩვენივე ქვეყნის და ჩვენივე ქალაქის ბაზარზე.

ყველაფერი კი ჯერ კიდევ უხსოვარ დროს დაიწყო. ერებს, ცივილიზაციებსა და ქვეყნებს შორის ვაჭრობა იყო და არის კაცობრიობის პროგრესის მნიშვნელოვანი ტრიგერი და რადგანაც ერთადერთი გზა თქვენი ბიზნესის განსავითარებლად არის ახალი მომხმარებლის მოზიდვა,  საჭიროა დაადგინოთ სად არიან ის ინდივიდები და ბიზნესები, რომელთაც შეუძლიათ სარგებელი მიიღონ თქვენი სერვისითა და პროდუქტით.

თეორიულად ეს ალბათ ყველა თქვენგანმა იცის, მაგრამ როდესაც საკუთარი საქმის შესახებ ფიქრობთ, მაინც ძნელად წამოგიდგენიათ რომ გლობალურ ბაზრებზე წვდომას შეძლებთ. სიტყვა ექსპორტიც რაღაც რთულთან და შეუძლებელთან ასოცირდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ. ექსპორტზე სერვისის გატანა ნამდვილად გამოწვევაა, მაგრამ, არც ისე რთული. არსებობს სტანდარტული ნაბიჯები რომლისთვისაც უნდა მოემზადოთ და შემდეგ განახორციელოთ.

საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების არც თუ ისე დიდი ხნის გამოცდილება აქვს, თუმცა მისი სპეციფიკური საწარმოო ფაქტორების წყალობით უკვე მიაღწია გარკვეულ წარმატებას და პერსპექტივაც იმედისმომცემად გამოიყურება. ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, რაც გულისხმობს : მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობას, ორმხრივ შეთანხმებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ; შეთანხმებას ევროკავშირთან  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ და სხვა. საქათველოში წარმოებული პროდუქტი და სერვისი მსგავსი შეთანხმებების წყალობით სარგებლობს ნულოვანი ან შეღავათიანი სატარიფო ბარიერებით  მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ქვეყანაში, რაც მნიშვნელოვან კონკურეციულ უპირატესობებს უქმნის ჩვენი ქვეყნის ბიზნეს სექტორს საქმიანობის გაფართოების და საექპორტო პოტეციალის გამოყენების თვალსაზრისით.

ბევრი თქვენგანი საქართველოდან ესქპორტის წარმატებულ მაგალითებად სასარგებლო წიაღისეულს, ფეროშენადნობებს, მინერალურ წყალს და ღვინოს იხსენებს. მართალია ეს პროდუქტები ათწლეულების მანძილზე წარმოადგენენ ქვეყნის ჯამური ექპორტის მნიშვნელოვან წილს, მაგრამ დივერსიფიცირებული და სტაბილური საექპორტო სისტემისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მიერ შექმნილი მრავალფეროვანი პროდუქტებისა და სერვისების გატანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

წარმატებული საექსპორტო ბიზნესისთვის არ არის გადამწყვეტი თავად პროდუქტის კატეგორიის უნიკალურობა, დღეს საქართველოდან ექსპორტირდება ისეთი პროდუქტები როგორიცაა ტექსტილი, ტკბილეული, სათამაშოები, აქსესუარები, ხილი, ბოსტნეული  და კიდევ ბევრი სხვა, ეს ის სასაქონლო კატეგორიებია რომელიც თავის მხრივ  ჩვენს ქვეყანაშიც იმპორტით შემოდის. გამართული მარკეტინგული სტრატეგიით და სწორი პოზიციონირებით უნდა დაანახოთ მომხმარებელს ის მნიშვნელოვანი მახასიათებლები რომელიც ქმნის თქვენი შეთავაზების უნიკალურობას. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია დაგჭირდეთ მარკეტინგული სტრატეგიის გარკვეული მოდიფიკაცია ახალი ბაზრისთვის მოსარგებად.

მიუხედავად სპეციფიურობისა საერთაშორისო ვაჭირობის მოცულობა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იმატებს მსოფლიოში, ბოლო ათწლეულში კი განსაკუთრებული ზრდით ხასიათდება ქვეყანათა შორისი სერვისებით ვაჭრობა. საერთაშორისო ბაზარზე გასვლა დღეს გარდაუვალი გამოწვევაა, რომელიც უბიძგებს მწარმოებელს ჩაერთოს გლობალურ კონკურენციაში, დანერგოს ახალი ტექნოლოგიები, გახდეს უფრო ეფექტური, გააუმჯობესოს  ხარისხი, შექმნას ინოვაციური პროდუქტები და ამით მიაღწიოს მდგრად განვითარებას.

საექსპორტო ბიზნესისთვის დასაწყებად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ვაჭრობის სპეციფიური საკითხების ცოდნა, როგორიცაა: საერთაშორისო სავაჭრო კონტრაქტის შედგენა, საბაჟო პროცედურები, სატარიფო ბარიერები, არასატარიფო ბარიერები, სავალდებულო სერტიფიკატები, პროდუქტის წარმოშობის ქვეყნის დადგენის კრიტერიუმები, პროდუქტის მიწოდების  პირობა (INCOTERMS), სატრანსპორტო მარშრუტის განსაზღვრა, ტრანსპორტირების სახეობის  შერჩევა, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა, ტვირთის დაზღვევა, ფინანსური ანგარიშსწორების ფორმები და ასე შემდეგ.

ამ და მსგავსი საკითხების შესწავლას ეთმობა სემინარი «როგორ გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზე». შემოგვიერთდით და იპოვეთ ჩვენთან ერთად ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ბაზრისკენ მიმავალი გზა.   

 

 

                                                                                                                        *ავტორი მაკა დაუშვილი

« უკან
3025
Login