08/06/2021

მოკლედ: დევიდ ოგილვი

ogilvi.jpg

დევიდ ოგილვი (1911- 1999) - ბრიტანელი რეკლამის ექსპერტი. მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე მსხვილი სარეკლამო სააგენტოს Ogilvy & Mather - ის დამფუძნებელი. ბიზნეს საქმიანობა დაიწყო 38 წლის ასაკში ამერიკაში მცირედი დანაზოგით და პარტნიორების გარეშე. ცნობილი გახდა მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისთვის შექმნილი სარეკლამო სლოგანებით. მუშაობდა ისეთი წარმატებული კომპანიებისთვის, როგორიცაა Rolls Royce,  Shell, Guinness, General Foods, Dove  და სხვა. არის ავტორი წიგნებისა ,,რეკლამის სპეციალისტის აღსარება“ (1963) და  „ოგილვი რეკლამაზე“ (1983), რომლებიც ბესტსელერებად იქცა. დევიდ ოგილვი აღიარებულია რეკლამის კლასიკოსად.

ოგილვი, როგორც რეკლამის ექსპერტი, კარგად გრძნობდა მომხმარებელს, მის თავისებურებებს, ქცევის ტენდენციებს და დამოკიდებულებებს და თვლიდა, რომ  გულწრფელობა მომხმარებელთან წარმატებული ურთიერთობის მთავარი გასაღებია.

«მომხმარებელი სულელი არ არის. ის თქვენს ცოლს გავს. თქვენ მის ინტელექტს შეურაცხყოფთ, თუ თვლით, რომ სლოგანით ან უსულო ზედსართავებით რაიმეს ყიდვისკენ უბიძგებთ» დ. ოგილვი

თანამედროვე ბიზნეს ლიტერატურაში ბრენდი ხშირად პერსონასთან არის გაიგივებული. მას ახასიათებენ, როგორც ცოცხალ, სულიერ არსებას და მიაწერენ ადამიანის ნიშნებს. მომხმარებელიც პერსონად აღიქვამს მის რჩეულ და საყვარელ ბრენდს. იცის, რას ელოდოს მისგან, ბრენდის პულსზე უდევს ხელი და გრძნობს მის ყოველ ჩანაფიქრს. გულშემატკივრობს მის სიახლეებს და ტოლერანტულია მისი შეცდომების მიმართ, ერთგულების და დიდსულოვნების სანაცვლოდ კი გულწრფელობას მოელის მისგან. უშეცდომო არავინაა. ბრენდსაც ეპატიება შეცდომები, მაგრამ შეუძლებელია მომხმარებლის ხანგრძლივად მოტყუება და ხარვეზების გრძელვადიანად დაფარვა. ეს აგრესიას და განდგომას იწვევს მომხმარებელში.

დაშვებულ შეცდომასთან ორგვარი მიდგომა შეიძლება ჰქონდეს ბრენდს: ფაქტის მიჩქმალვა და აღიარებითი ბოდიში. ბოდიში უკეთესი გამოსავალია. მობოდიშებისას  მომხმარებელი გაგებით ეკიდება ბრენდის ხარვეზს და კომპანია მომხმარებლის სახით ნაკლები დანაკარგებით გამოდის კრიზისიდან.

«აღიარეთ თქვენი სისუსტის შესახებ მომხმარებელთან მანამ, სანამ ის თავად შენიშნავს. ეს უფრო მეტ სანდოობას შეგძენთ მის თვალში, ვიდრე თქვენი ძლიერ მხარეებით ტრაბახი» დ. ოგილვი

 

« უკან
844
Login