28/10/2020

გამოიყენე სოციალური მედია შენი იდეების განსახორციელებლად

social media marketing

რა უნდა ქნა, როცა თავში რაიმე იდეა გებადება?!

      ალბათ მხოლოდ ორი გზაა - ან აკეთებ, ან თავს ანებებ. იმ მომენტში, როდესაც იდეა ჩნდება, თითქოს გონება გინათდება და გრძნობ როგორ ივსები ენთუზიაზმით. ათასი აზრი ირევა და თუ ეს მუხტი არ დაკარგე, შესაძლოა განხორციელების გზებიც მალევე დაინახო. თუმცა ხშირად ამ ფიქრებს ეჭვები ერევა და უფრო მეტად ხელისშემშლელ ფაქტორებზე ვიწყებთ ფიქრს - რა მოხდება, რომ არ გამოვიდეს, რომ არ მოეწონოთ? საკუთარ თავს ამ კითხვებს ხშირად ვუსვამთ, საბოლოოდ გონება არაერთ მიზეზსა და არგუმენტს გვაძლევს იმისათვის, რომ ეს იდეა დავივიწყოთ, რადგან არარეალურია, გამოუსადეგარი და „რა აზრი აქვს, მაინც არ გამოვა.“

 

მაგრამ რა მოხდება თუ გამოვა?

        სოციალური მედია ის სფეროა, სადაც შეგიძლია იდეებს ფრთები თამამად შეასხა. შენ წინასწარ არასდროს იცი რა გამოვა. თვითონ ფეისბუქის შემქმნელები ამბობენ, რომ უნდა სცადო, შეამოწმო და ე.წ „დატესტვის“ პრინციპით იმოქმედო. ალგორითმი ხშირად იცვლება, ამასთან ერთად კი იცვლება ადამიანების ინტერესთა სფერო, ამიტომ ჩვენც მუდმივად საქმის კურსში უნდა ვიყოთ, მოვსინჯოთ სხვადასხვა გზა და მეთოდი, რათა სასურველი გზავნილი ადრესატამდე მივიტანოთ. თუ იდეა არ გაამართლებს, გამოდის, რომ დიდი რაოდენობის აუდიტორიას არც უნახავს, რადგან ჩვენმა კონკრეტულმა ნაბიჯმა დიდი რეზონანსის გამოწვევა ვერ მოახერხა და შესაბამისად, არც არის სანერვიულო. თუ გაამართლებს ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ორივე შემთხვევაში ეს ის უნიკალური გამოცდილებაა, რაც ჩვენი სეგმენტის შესწავლის საშუალებას გვაძლევს.

ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით კი როცა საქმე მარკეტინგს ეხება, აუდიტორიის ინტერესების გათვალისწინება პირველ ადგილზე დგას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ამოძრავებთ ადამიანებს, რაზე იცინიან, რა აწუხებთ, რა თემა არის აქტუალური მათთვის და, რაც მთავარია, ვიცოდეთ რა პრობლემის მოგვარება სურთ. სწორედ ამაზე დაყრდნობით იქმნება კონტენტი, რომელიც მომხმარებელზე ორიენტირებულია. 3 წელია რაც ფიტნესდარბაზ „ურბან გარდენში“ ვმუშაობ და ვცდილობ საინტერესო და სასარგებლო პოსტებს სახალისოც შევურიო.

ვარჯიშთან დაკავშირებით ხშირად ჩნდება პრობლემა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად სიზარმაცესა და ვარჯიშის დასაწყებად პირველი ნაბიჯის გადადგმას უკავშირდება. სწორედ აქედან გამომდინარე, შევეცადე აუდიტორიისათვის მათთვის ნაცნობი სიტუაცია შემეთავაზებინა და კომუნიკაციისთვის ე.წ „ვიდეო მიმი“ (Video Meme) გამოვიყენე. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ორიგინალ ვიდეოს ჩვენს გვერდზე ნახევარ მილიონამდე ნახვა დაუგროვდა, გააზიარა უამრავმა ადამიანმა და მათ შორის ცნობილმა გვერდებმა.

პირადად ჩემთვის, ეს იყო ნათელი მაგალითი, რომ ზოგჯერ ყველაზე გიჟურ ან ერთი შეხედვით არარეალურ იდეასაც უნდა მისცე გასაქანი და სცადო. ჩემი ინტერესი სოციალური მედიის მიმართ ალბათ სწორედ შემოქმედებითმა მხარემ განაპირობა. ყოველთვის მომწონდა იდეებზე მუშაობა, მათი მოფიქრება და შემდეგ განხორციელების გზების დაგეგმვა. ამ სფეროში 2013 წლიდან ვმუშაობ და ვთვლი, რომ ეს ის პროფესიაა, რომელიც მუდმივად ცოდნისა და პრაქტიკის განახლებას საჭიროებს.

         დღესდღეობით ყველაფერი სწრაფად იცვლება, ვითარდება სოციალურმა მედიაც, რომელმაც ტრადიციული მედია ჩაანაცვლა. ერთ დღეს, ფეისბუქის ტრადიციული „სქროლვისას“ BPN Georgia-ს საინტერესო პოსტს წავაწყდი, რომელმაც ჩემი ყურადღება მაშინვე მიიქცია. ფეისბუქ რეკლამის შესწავლის 5 დღიანი ტრენინგი ცხადდებოდა. ბევრი არ მიფიქრია, გადაწყვეტილება მალევე მივიღე. 5 დღის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გავიღრმავე ცოდნა, გავიცანი საინტერესო ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მუშაობენ, იციან საკუთარი საქმე და მაღალ დონეზე ასრულებენ მას. პარალელურად კი ციფრული მარკეტინგის ათვისებასა და საქმეში მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობენ. ტრენინგის ორგანიზატორებმა უშუალო და მეგობრული გარემო დაგვახვედრეს, რამაც ცოდნის მიღება არაფორმალური და უფრო სასიამოვნო გახადა.

თეორიასთან ერთად, სპიკერი, ანა აივაზიშვილი, პრაქტიკულ დავალებებსაც გვაძლევდა, მოგვეცა პრეზენტაციების წარდგენის საშუალებაც, რაც დამწყები თუ გამოცდილი სოციალური მედიის მენეჯერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. გვიზიარებდა საკუთარ გამოცდილებას, ეს კი ცოდნის გადაცემის ერთ-ერთი გამართლებული მეთოდია, გვაჩვენებდა სხვადასხვა ცნობილი კომპანიების მაგალითებს, რომელმაც მსოფლიოს ბაზარზე აღიარება მოიპოვა. განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ ტრენინგი განკუთვნილი იყო, როგორც დამწყებთათვის, ასეე ამ სფეროში გამოცდილი ადამიანებისათვის. 5 დღიანი სემინარი იყოს ცოდნის გაღრმავების და კვალიფიკაციის ამაღლების საუკეთესო საშუალება. მადლობა ანას და ორგანიზატორებს. 

Ana Zeragia.JPG

მსგავსი საინტერესო შეხვედრების შემდეგ ხდები ბევრად მოტივირებული, გემატება გამოცდილება, რწმუნდები საკუთარ ძალებში და კიდევ მეტის გაგებისა და გაკეთების სურვილი გიჩნდება. ასეთ დროს, ისევე როგორც იდეის დაბადების მომენტში, ჩნდება მუხტი, რომელიც არ უნდა დავკარგოთ, პირიქით, გაღვივებას უნდა ვეცადოთ, ვიყოთ უფრო თამამები და დავძლიოთ წარუმატებლობის შიში. წარუმატებელი ნაბიჯები ის შეუცვლელი გამოცდილებაა, რომლის გარეშეც სწავლა და წარმატებისკენ სვლა გამორიცხულია. სოციალური მედია კი ის სივრცეა, რომელიც იდეების განხორციელების საშუალებად თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ.

 

                                                                                                               *სტატია მოამზადა ანნა ზერაგიამ

« უკან
2133
Login