23/10/2020

დღგ-ის რეფორმა და მისი შედეგები ბიზნესზე

დღგ.png

          საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებას დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ის) რეფორმა წარმოადგენს. რეფორმის მიზანია საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

სწორედ, ამ მიზნით შევიდა ცვლილებები საქართველოს საგასახადო კოდექსში და დღგ-ის კარი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.

          აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეფორმის ფარგლებში შენაჩუნებულია ყველა ის საგასახადო შეღავათი, რასაც მოქმედი კანონმდელობა ითვალისწინებს, ასევე შემოღებულია ახალი მარეგულირებელი ნორმები. დღგ-ის რეფორმის შედეგებიდან შესაძლებელია გამოიყოს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლებმაც შესაძლოა გარკვეული დადებითი ეფექტი მოახდინოს ბიზნეს სუბიექტების საქმიანობაზე, მაგალითად: საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდება, ლიზინგის ოპერაციის დაბეგვრა, საგადასახადო შეღავათები და სხვა.

საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდება

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსასყიდლოდ განხორციელებული ოპერაციები დღგ-ით იბეგრება და დაბეგვრა ხორციელდება მიწოდებული საქონლის, გაწეული მომსახურების საბაზრო ღირებულებიდან.

რეფორმის მიხედვით კი:

  • საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება
  • საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება დაქირავებულის პირადი სარგებლობისთვის
  • საქონლის მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით

         იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ხოლო საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით [1], დღგ-ით არ იბეგრება. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ უსასყიდლო მიწოდება დაიბეგრება მიწოდებული საქონლის „თვითღირებულებიდან“ და არა საბაზრო ფასიდან.

უსასყიდლოდ მომსახურების გაწევა კი იმ შემთხვევაში დაიბეგრება, თუ მომსახურების გაწევა ხდება:

  • დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის
  • ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით

         როგორც ვხედავთ, ცვლილებები გარკვეულწილად გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცესს, შემცირდება დღგ-ით დასაბეგრი ბაზა, ასევე საგადასახადო შემოწმების დროს საბაზრო ფასის არასწორად დათვლის გამო დაკისრებული სანქციები. ეს კი ბიზნეს სუბიექტებს დაუზოგავს დროს და ხარჯებს, რაც დაკავშირებულია საბაზრო ფასის დადგენასთან და შესაბამისი საგადასახადო დავების წარმოებასთან.  შედეგად ბიზნესს შეუმსუბუქდება საგადასახადო ტვირთი და გაუჩნდება მეტი თავისუფალი დრო და თანხა.

ლიზინგის ოპერაციის დაბეგვრა [2],

        მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ლიზინგი განიხილება მომსახურების მიწოდებად. შესაბამისად, დაბეგვრა ხორციელდება ლიზინგის მომსახურების გაწევის პერიოდების მიხედვით.

ცვლილებების მიხედვით:

  • საქონლის მიწოდებად განიხილება საქონლის ფაქტიური გადაცემა იჯარის/ლიზინგის ან სხვა მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის პირობით;
  • საქონლის მიწოდება კი ხდება (და შესაბამისად ხორციელდება დაბეგვრა) საქონლის გადაცემისთანავე, ანუ ლიზინგის პერიოდის დასაწყისში.
  • ლიზინგის ხელშეკულებით გათვალისწინებული სარგებელი დღგ-ით დასაბეგრ თანხაში არ შეიტანება.

შედეგად:

  • ფინანსური კომპონენტის დღგ-ით დაბეგვრის შეწყვეტის შედეგად კომპანიები მიიღებენ სარგებელს
  • ლიზინგის მიმღების დეფოლტის შემთხვევაში კი სალიზინგო კომპანიებს შეეძლებათ გადახდილი დღგ-ის დაბრუნება.

        აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტი, რომ დამატებული ღირებულების გადასახადთან მიმართებით გათვალისწინებულია მთელი რიგი შეღავათები, რაც დადებით გავლენას იქონიებს გადასახადის გადამხდელებზე.

მაგალითად:

  • სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად დაბეგვრისგან თავისუფლდება მასთან უშუალოდ დაკავშირებული და დამხმარე მომსახურების/საქონლის მიწოდება;
  • დაზღვევა ან/და გადაზღვევასთან ერთად არ დაიბეგრება, თანმდევი მომსახურებები, რომელსაც სადაზღვევო ბროკერები ან/და სადაზღვევო აგენტები ახორციელებენ;
  • გათავისუფლებულ ძირითად მიწოდებასთან ერთად, მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებაც არ დაიბეგრება.
  • ფართოვდება და ზუსტდება საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები;
  • ჩათვლის უფლებით თავისუფლდება მომსახურების გაწევა სხვა პირის სახელით მოქმედი შუამავლის მიერ, საქონლის საერთაშორისო ტრანსპორტირების ან საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ოპერაციებში მონაწილეობის შემთხვევაში.

        ეს და სხვა ცვლილებები, რომელსაც უფრო დეტალურად ტრენინგზე „საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები“ გაგაცნობთ, ვფიქრობთ დადებითად აისახება თქვენს ბიზნეს საქმიანობაზე.

 

[1] მცირე ღირებულების საჩუქარი − საქონელი ან მომსახურება, რომლის გადაცემა ხორციელდება უსასყიდლოდ და რომლის ღირებულება, დღგ-ის გარეშე, ერთ ფიზიკურ პირზე არ აღემატება კალენდარული წლის განმავლობაში 50 ლარს. მცირე ღირებულების საჩუქრად არ განიხილება სარეკლამო და წარმომადგენლობითი ხარჯი

[2] შენიშვნა - ლიზინგის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის მარეგულირებელი ახალი დებულებები გავრცელდება, მხოლოდ იმ ლიზინგის ხელშეკრულებებზე, რომლებიც 2022 წლის 1 იანვრის შემდეგ არის გაფორმებული.

« უკან
3563
Login