06/04/2023

შენ როგორ ქმნი შენს სტაბილურ მომავალს?!

Screenshot_2023-01-17_153745-transformed.png

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძე

ყველა ჩვენგანი  ერთხელ მაინც დამდგარა გაუთვალისწინებელი შემთხვევის წინაშე, როდესაც სასწრაფოდ გარკვეული რაოდენობის თანხაა საჭირო იმისათვის, რომ ესა თუ ის პრობლემა მოგვარდეს. ყოფით ცხოვრებაში ეს შეიძლება ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა, სამსახურის მოულოდნელად დაკარგვა, ჯანმრთელობის პრობლემა და სხვა მოვლენები იყოს. ასეთ შემთხვევებს შედარებით ადვილად ვუმკლავდებით, თუ გვაქვს ერთი კარგი ჩვევა, რომელსაც დანაზოგის გაკეთება ჰქვია. 
ფულის დაზოგვა რომ მარტივი იყოს, ამაზე ამდენს აღარ ისაუბრებდა მთელი მსოფლიო. ფაქტია, მხოლოდ მაღალი და სტაბილური შემოსავალი არ არის საკმარისი. აუცილებელია გვქონდეს ძლიერი ნებისყოფა, რომ ჩვენთვის მისაღები ინტენსივობით შევძლოთ სარეზერვო  თანხის დაზოგვა, რომელიც მშვიდი მომავლის გარანტად შეიძლება იქცეს. რეზერვების გაკეთებაზე მაშინაც უნდა ვიფიქროთ, როდესაც საქმე კარგად მიდის და შემოსავალს ერთი შეხედვით არაფერი ემუქრება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დავაგვიანოთ და გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ. ამის რამდენი მაგალითი გინახავთ? ნაცნობების და მეგობრების წრეში რამდენჯერ გსმენიათ - მეტი  გზა არ მქონდა და სესხი ავიღეო? კრედიტი, დამატებითი ფინანსური ვალდებულება, კრიტიკულ სიტუაციაში კიდევ უფრო გაზრდილი ხარჯები არავისთვის არის სასურველი სცენარი.
განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში ყველამ კარგად გავიაზრეთ რამდენად არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს მომავალი, რამდენი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს და სამწუხაროდ, მათ შორის, ბევრი არასასიამოვნო ფაქტიც. თუ გვსურს, რომ უსაფრთხოების განცდასთან ერთად ვიცხოვროთ და სტაბილურობის შეგრძნება არ  დავკარგოთ, თუ აქამდე ფულის დაზოგვა ჩვენთვის უცხო იყო, იქნებ ახლა დავფიქრდეთ და გადავდგათ პირველი ნაბიჯი. თუ იმაზე ვიფიქრებთ, რომ ფინანსების დაზოგვა მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება, ამ ნაბიჯის გადადგმა გაგვიადვილდება. მთავარია დავიწყოთ და პირველი ნაბიჯი გადავდგათ!


დაზოგე აისრულე მიზნები.png

ისევე როგორც ცალკეული ადამიანებისთვის, ბიზნესისთვისაც დანაზოგის არქონა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. ნებისმიერი კომპანია შეიძლება ჩავარდეს გაუთვალისწინებელ სიტუაციაში, საიდანაც  ფინანსური ზარალის გარეშე გამოსვლა მხოლოდ სარეზერვო თანხების დახმარებით არის შესაძლებელი. გადამწყვეტი მნიშვნელობის არის სტარტაპ პერიოდშივე ვიფიქროთ ამაზე და ნაბიჯ-ნაბიჯ შევქმნათ სარეზერვო ფონდი, რომელიც კომპანიას თავიდან აარიდებს ლიკვიდურობის პრობლემას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან ძვირი (ზოგჯერ გაკოტრებაც) უჯდება ბიზნესს. 
ისევე როგორც ნებისმიერი შემოსავლის მქონე პირს ყოფით ცხოვრებაში შეუძლია გააკეთოს დანაზოგი, არც ბიზნესში აქვს მნიშვნელობა დიდ ჰოლდინგზეა საუბარი, თუ მიკრო ბიზნესზე, აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს - ბრუნვის ოდენობა გადამწყვეტი არ არის. მთავარი იმის გააზრებაა, რომ „შავი დღისთვის" მზად უნდა ვიყოთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც უნდა მოვიაზროთ და დროულად დავიწყოთ დანაზოგის გაკეთება, თუნდაც ძალიან მცირედით. უნდა გვახსოვდეს, რეზერვი ერთნაირად სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის.
ამისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა:

  • ვაკონტროლოთ ჩვენი შემოსავლები და ხარჯები
  • გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ფიქსირებული და ცვალებადი ხარჯები
  •  მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია
  • განვსაზღვროთ რა ინტენსივობით და რა ოდენობის თანხა შეგვიძლია დავზოგოთ
  • გადავწყვიტოთ სად/რა ფორმით შევინახოთ ჩვენი დანაზოგი ისე, რომ საჭირო დროს იყოს ხელმისაწვდომი.

სეივ მანი.pngარაერთი მაგალითი არსებობს იმის, როგორ დააღწია კომპანიამ თავი რთულ სიტუაციას სწორედ რეზერვების დახმარებით. ამის კარგი მაგალითია შვეიცარიული ფირმა ვიქტორინოქსიც, რომელიც ვინ იცის, იქნებოდა თუ არა დღესაც მსოფლიო ბაზარზე, რომ არა სარეზერვო თანხა.
თუ არ გვსურს, ჩვენი კომპანია ჩვენდაუნებურად ბაზრიდან გაქრობის საფრთხის წინაშე დავაყენოთ, თუ სტაბილური ფინანსური მომავალი გვინდა, უნდა ვაღიაროთ რეზერვების მნიშვნელობა და ვისწავლოთ ნებისმიერი ბიუჯეტით დანაზოგის გაკეთება.  
უნდა გვახსოვდეს - ეს დანაზოგი:

  • მინიმუმ 3 თვის ფიქსირებულ ხარჯებს უნდა ფარავდეს
  • ნებისმიერ დროს უნდა იყოს ლიკვიდური
  • არ უნდა დაიხარჯოს არამიზნობრივად (გათვლილია მხოლოდ გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე).
« უკან
1485
Login