09/09/2022

რა ღირს დრო და მავნე ჩვევები

Time and bad habbit.png

Nino PNG.png  ავტორი: ნინო მამადაშვილი 

ალბათ უამრავჯერ გქონიათ დროის დაზოგვის მიზნით დამატებითი თანხის გადახდის მზაობა. მაგალითად შეიძინეთ ნივთი ნაჩქარევად ორმაგ ფასად, თუმცა მეტი დრო რომ გქონოდათ შედარებით იაფ ალტერნატივებსაც მიაგნებდით. ან ორ საქმეს ერთდროულად შეეჭიდეთ და მოგვიანებით სხვისთვის გადაბარება მოგიწიათ გასამრჯელოს სანაცვლოდ, რადგან მარტომ თავი ვერ გაართვით დროის სიმცირის გამო. ანუ იყიდეთ სხვისი დრო.

«დრო ფული ღირს. თუ გვსურს დაგვრჩეს მეტი დრო, უნდა გადავიხადოთ მეტი!?»

მაგრამ იქნებ დრო სინამდვილეში ჩვენგან ჩვენს დამატებით ფინანსებს კი არა, მხოლოდ მონდომებას და სწორ მენეჯმენტს მოითხოვს?
21 საუკუნემ ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა კაცობრიობა, თუმცა რაც განსაკუთრებულად საყურადღებოა და ყველას შეეხო, აჩქარებული დროა. ბევრი ახერხებს აუბას ფეხი სწრაფ ტემპებს, მაგრამ უმეტესობა მუდმივად სტრესის ქვეშ ცხოვრობს.
დროის დეფიციტი თანამედროვეობის საყოველთაო სენად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ დღე ღამეში ადრეც 24 საათი იყო, როგორც ახლა, გაჩნდა განცდა, რომ დრო შემცირდა.
მიზეზი ფიზიკის კანონების და დროის ტემპების ცვლილებაში არ მდგომარეობს, არამედ ჩვენი ქცევების და ცხოვრების ფორმების ცვლილებაში. ცხოვრება გამრავალფეროვნდა. განსაკუთრებით ციფრული სამყაროს პირობებში. გაჩნდა უამრავი რამ, რაც ჩვენს ყურადღებას, ინტერესს, ცნობისმოყვარეობას და კონცენტრაციას ბევრი მიმართულებით ანაწილებს თუ ფანტავს. ყველა ფეხის ნაბიჯზე ე.წ. დროის ქურდები თუ მანიპულატორებია ჩასაფრებული, იქნება ეს სოციალური მედიები, პროდუქტების ფართო არჩევანი, გართობის, განათლების და განვითარების უსაზღვრო შეთავაზებები და სხვა. ყველა ეს საშუალება ჩვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობს სხვადასხვა მანიპულატორული საშუალებებით. ანუ ჩვენი ქცევები გახდა მანიპულირებადი.
სამსახურში საქმეზე ჩაფიქრებულს ტელეფონით სარეკლამო შეტყობინება მოგვდის ჩვენთვის სასურველ პროდუქტზე სიახლეებით ან ფასდაკლებით. ვწყვეტთ ფიქრს და ვიწყებთ შემოთავაზების დათვალიერებას  ვებ გვერდზე. გადავდივართ ინფორმაციიდან ინფორმაციაზე. დრო შეუმჩნევლად გადის. გვიჭირს საქმეზე ხელახალი კონცენტრირება. ის კი არ იცდის. გვიწევს აუნაზღაურებლად ზეგანაკვეთური მუშაობა. სამსახურიდან საყიდლებზე გვიან გასულს სავაჭრო ცენტრი ან დაკეტილი გვხდება, ან ნაკლები არჩევანით. გვიწევს მეტის გადახდა. სახლში გვიან მისულს დრო არ გვაქვს ბავშვის მეცადინეობისთვის. გვიწევს მასწავლებლის დაქირავება. უამრავი საქმით თუ საფიქრალით დატვირთულს არ გვყოფნის ძილი. დილით დაგვიანებით  ამდგარს, გამოუძინებელს და დაღლილს გვიწევს მეტი სისწრაფისთვის და ნაკლები სტრესისთვის ძვირადღირებული ტრანსპორტით მგზავრობა ნაცვლად შედარებით იაფი მაგრამ ნელი საჯარო ტრანსპორტისა და ასე დაუსრულებლად. შვილებისთვის დროის დათმობის კომპენსირება ხდება ფასიანი ძიძებით. სამსახურში გაფლანგული დროის კომპენსირება - დამხმარე კადრის ჩართვით, რომელიც ასევე ფული ღირს. სახლში ჯანსაღი სადილის მომზადებისას დაკარგული დროის კომპენსირება - სარესტორნო ძვირადღირებული მზა კერძებით და სხვა. ყველგან, სადაც ვიგებთ დროს, ვიხდით მეტს, მაგრამ სინამდვილეში ზედმეტი ხარჯი არასწორი ჩვევების გამო გვაქვს და არა  დროის სიმცირის გამო. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ მობილიზებული, თანმიმდევრული და პრინციპული დროსთან მიმართებაში და უფლებას ვაძლევთ ყველა შესაძლო მანიპულატორს, იქნებიან ეს ადამიანები ჩვენი გარემოცვიდან, ნივთები თუ ფაქტები, მოგვპარონ დრო, რომლის კომპენსირება შემდეგ ჩვენივე ფინანსებით ხდება. 
დროის მართვა სწავლადია. ჩვენ უბრალოდ უნდა შევცვალოთ ან გამოვიმუშაოთ შესაბამისი ჩვევები. ამაში კი დროის მენეჯმენტის ექსპერტების რჩევები დაგვეხმარება.

  • დაისახეთ მიზნები

ისინი გიკარნახებენ, რისთვის რამდენი დრო და თანხაა გამოსაყოფი.
ეცადეთ მიზნები იყოს არა ზოგადი, არამედ კონკრეტული, გაზომვადი, რეალისტური და აქტუალური და დაუწესეთ თავს ვადები მათ შესასრულებლად. ცხადი მიზნების გარეშე არის დაქსაქსვის და  ფინანსური თუ დროის რესურსების არასწორი მიმართულებით გახარჯვის საფრთხე. იარეთ მიზნისკენ დაბალანსებული ნაბიჯებით.

  • დაგეგმეთ დღე

ეს საშუალებას მოგცემთ, სწორად გადაანაწილოთ დრო და თანხები. დაუგეგმავი და სპონტანური  ნაბიჯებით უფრო მარტივად ხდებით მანიპულირების ობიექტი და გაუაზრებლად კარგავთ დროს და ფულს. დაგეგმვით კი ხვდებით, სად როგორ შეგიძლიათ გადაათამაშოთ თანხები დროსთან შესაბამისობაში.  

  • გამოყავით პრიორიტეტები

ხშირად საკუთარ შესაძლებლობებს ან გარემოებებს არასწორად ვაფასებთ და მიგვაჩნია, რომ ყველაფერს ერთდროულად მოვასწრებთ, პროცესში კი საპირისპიროს ვაწყდებით და საქმის გადადება ან დელეგირება გვიწევს, რაც დამატებით საკადრო, საჯარიმო თუ სხვა გაუთვალისწინებელ ხარჯებს იწვევს და საქმის დასრულების ვადებიც იცვლება. რაც მეტად გადადებთ საქმეს მომავალში, მით ნაკლები დრო დაგრჩებათ მის შესასრულებლად. დაყავით საქმე გადაუდებელ და მნიშვნელოვან ამოცანებად და გააანალიზეთ რომელიმე მათგანის პრიორიტეტულად შესრულების აუცილებლობა.

  • იმოქმედეთ პარეტოს პრინციპით (80/20)

პარეტოს პრინციპი გულისხმობს, რომ გამოყენებული ძალისხმევის 20% - ს მოაქვს შედეგების 80% და დანარჩენ 80% – ს – მხოლოდ 20%. ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ წაკითხული წიგნების მხოლოდ 20 % გვიტოვებს ღირებულ ინფორმაციას. ან მხოლოდ მომხმარებლების 20% – ს მოაქვს კომპანიის მთლიანი შემოსავლების 80%, ხოლო დანარჩენ 80 % თანამშრომლების დროს და ენერგიას იყენებს, შემოსავალი კი მათგან მცირეა.
არ არის აუცილებელი ყველა დავალების გაიდეალება, როცა შედარებით ნაკლები ძალისხმევითაც შეიძლება საკმარისი შედეგის მიღება.  

  •  დაიცავით ცხოვრების ბალანსი

შეეცადეთ შეძლებისდაგვარად დაუთმოთ ყურადღება სამსახურსაც, სოციალურ ურთიერთობებსაც, მენტალურ & ფიზიკურ ჯანმრთელობასაც და თვითშემეცნებასაც. რომელიმეს დანაკლისის შემთხვევაში იკლებს მოტივაცია, ეს კი ყველა მიმართულებით გავლენას ახდენს სხვა დანარჩენ სფეროებზე და ასევე თქვენს ფინანსებსა და დროზე.

  • გააანალიზეთ საკუთარი შრომისუნარიანობის ფაზები

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. დაფიქრდით, თქვენს პიროვნების ტიპაჟს დღის რომელ მონაკვეთში როგორი მუშაობის სტილი და შრომისუნარიანობა ახასიათებს ან როდის როგორი საქმის შესასრულებლად ხართ მეტად მობილიზებული. ააწყეთ თქვენი საქმიანობა საკუთარ ბიოლოგიურ რიტმზე. თუ თქვენ დილის ადამიანი ხართ, შორს ვერ წახვალთ სამსახურში, სადაც საღამოს გიწევთ ძირითადი დატვირთვა და პირიქით.

  •  ჩამოიყალიბეთ ახალი ჩვევები

ჯერ ჩვენ ვახდენთ ჩვენი ჩვევების ფორმირებას და შემდეგ ისინი ზემოქმედებენ ჩვენზე.
ჩამოწერეთ ჩვევები, რომელიც ბევრ დროს, ფულს ან ენერგიას გართმევთ. ეცადეთ მოიფიქროთ მათი პოზიტიური ალტერნატივა და ძველი  მავნე რუტინა ჩაანაცვლეთ ახალი სასარგებლო ქცევით. დააჯილდოვეთ თავი პირველ შედეგებზე, აგრძნობინეთ ქვეცნობიერს, რომ ახალი ჩვევა ამად ღირდა.

  • თქვით არა

გარემოცვას ხშირად ვაძლევთ ხელის შეშლის საშუალებას.  ამ დროს საქმე გვერდზე გვრჩება და დროის თუ ფინანსური რესურსების გაფლანგვას ვიღებთ შედეგად. უთხარით არა ყველა დროის ქურდს.


დრო არ ღირს ფული, არამედ ჩვენი არასწორი ჩვევების გამო გვიწევს მეტის გადახდა.

გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან და დაზოგეთ მეტი.

ხოლო თუ გსურთ უფრო კონკრეტულად ჩაუღრმავდეთ ამ თემას, გამოგვყევით! ჩვენ გასწავლით დროის მენეჯმენტს.

* ვილფრედო პარეტო - იტალიელი მეცნიერი და ეკონომისტი

 

« უკან
2193
Login