25/01/2024

შენთვის რას ნიშნავს წარმატება?!

Copy of Untitled Design (1).png

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძე

როდესაც წარმატებულ ადამიანს, ან წარმატებულ ბიზნესს ვხვდებით, ხშირად ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ამ წარმატების უკან იღბალი დგას, რომ ამ ადამიანს უბრალოდ გაუმართლა. თუ გამართლებას იმას დავარქმევთ, რომ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდით, შესაძლებლობა მოგვეცა და ჩვენც ის ხელიდან  არ გავუშვით, კი ბატონო, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა, თუნდაც  იღბალი თავზე დაგვებერტყოს, თუ მხოლოდ ბედს მივანდობთ ჩვენს საქმეს და წარმატების განმაპირობებელ სხვა ფაქტორებს არ გავითვალისწინებთ, შეიძლება გამართლება გაელვებას ჰგავდეს და ჩვენი წარმატებაც დროებითი აღმოჩნდეს. 

ალბათ წარმატება ყველას სხვადასხვაგვარად გვესმის. ვიღაცისთვის ის დიდ ბრუნვასა და მოგებასთან ასოცირდება, ბევრისთვის ცნობადობაა ამის განმაპირობებელი. ზოგისთვის წარმატება ნიშნავს, სხვებს მისცეს საშუალება, მათაც შეძლონ საკუთარი რესურსების გამოვლინება და განვითარება, ბევრისთვის წარმატება საქმიდან სიამოვნების მიღებაა.

სინამდვილეში, ალბათ, წარმატება ამ ყველაფრის ერთობლიობაა და ცალკეული ინდივიდებისა და ბიზნესის ღირებულებებიდან და მიზნებიდან გამომდინარე სხვადასხვა პროპორციულობით არის გადანაწილებული. თუმცა მე თუ მკითხავთ,  გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ - ეს ის მყარი ფუნდამენტია, რომელზეც გრძელვადიანი წარმატება უნდა აშენდეს. თუ თავს არ დავზოგავთ, საკუთარ დროსა და ენერგიას არ დავიშურებთ, თუ განვითარებაზე, ხარისხსა და ინოვაციურობაზე ორენტირებული ვიქნებით, მუდმივად გავითვალისწინებთ მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებს, თუ განსაკუთრებულ ნიშას და კონკუკრენტულ უპირატესობას ვიპოვით, მაშინ ის საქმე, რომლისთვისაც ჩვენი გული ძგერს, ნამდვილად იქნება წარმატებული და იმის საშუალებასაც მოგვცემს, ეს წარმატება სხვებსაც გავუზიაროთ.

არ ვიფიქროთ, აქ მხოლოდ ცნობილ კომპანიებსა და მსხვილ ბიზნესებზე ვსაუბრობდეთ. 
ეს ფორმულა ერთნაირად მუშაობს ცალკეული პიროვნებისა და ბიზნესის შემთხვევაში, განურჩევლად მისი მასშტაბისა. 
აკეთე საქმე მთელი გულით, არ დაიშურო ენერგია, იყავი გამორჩეული და ხარისხზე ორიენტირებული - ეს იმ  ორ მცირე ბიზნესს აერთიანებს, რომელთა კულისებშიც შვეიცარიაში ვიზიტისას შევიხედე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამ ყველაფრის სისწორეში. 

ორივე შემთხვევაში მცირე ბიზნესზე ვსაუბრობთ და თან ისეთ სფეროებზე, სადაც შვეიცარიის ბაზარი გაჯერებულია და არ არის მარტივი, დაიმკვიდრო ადგილი, მითუმეტეს ასეთი წარმატებით. 
 შოკოლადით სახელგანთქმულ ქვეყანაში არაერთხელ დაიმსახურო საუკეთესო შოკოლატიეს ტიტული - ეს უკვე ბევრზე მეტყველებს.

Casa Nobile-მ ერთმა პატარა ხელნაკეთი შოკოლადის საწარმომ ეს მოახერხა, მრავალი ჯილდო და აღიარება დაიმსახურა შვეიცარიასა და მის საზღვრებს მიღმაც, თუმცა დამფუძნებლებისა და კომპანიის მთავარი შოკოლატიებისთვის, ვილი შმუცისა და მარტინ შვარცისთვის, ყველაზე საამაყო მაინც საკუთარ ქვეყანაში "საუკეთესო შოკოლადის" კატეგორიაში მიღებული ის პირველი ადგილია, რომელიც მათ  Choco Guide-ის უმაღლესი კლასის ჟიურიმ დამსახურებულად არგუნა.

Casa-Nobile ნამდვილად იმსახურებს იმ აღიარებასა და წარმატებას, რომელიც უბრალოდ ზეციდან არ მოსულა. ამ პატარა საწარმოში "გიდობა" მარტინმა, კასა ნობილეს თანამფლობელმა და  მთავარმა შოკოლატიემ გაგვიწია და მოკლე დროში დავრწმუნდი, რომ ის, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით, ნამდვილად ახლოსაა ჭეშმარიტებასთან.

ხარისხთან მიმართებაში არავითარი გამონაკლისი, მხოლოდ საუკეთესო!
აქ ამბიცია, საქმისადმი სიყვარული და პერფექციონიზმი ერთმანეთს ხვდება და ასე ქმნიან ,,შოკოლადის არტისტები" სასწაულებს, რომლებიც შოკოლადის მოყვარულებს საოცრებათა ქვეყანაში ამოგზაურებს. აბა სხვაგან გაგისინჯავთ ხელნაკეთი შოკოლადი მაგ. თივის შიგთავსით?!

მეორე შემთხვევაში 3 ვარსკვლავიან სასტუმროზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ სოფელშია განთავსებული, იქ მისვლისას კითხვაც გამიჩნდა, კი მაგრამ აქ რატომ უნდა მოვიდეს სტუმარი?!

კითხვა მეტ-ნაკლებად გამართლებულია, რადგან სასტუმრო Hirschen-Erilsbach  ნამდვილად არ არის ღირსშესანიშნაობებით გარშემორტყმული, თუმცა პასუხი  მოკლე დროში მივიღე - თავად სასტუმროა ღირსშესანიშნაობა, თავისი გამორჩეული კონცეფციითა და ფილოსოფიით. ის უბრალოდ სასტუმრო არ არის, ნამდვილი აღმოჩენაა გურმანებისა და კარგი ღვინის მოყვარულთათვის. 

ალბი ფონ ფელთენ, ღვინის სასტუმროს მმართველი მეპატრონე, პროფესიით რესტორატორი, ჰოტელიე და მასპინძელია, მაგრამ ეს მისთვის მხოლოდ პროფესია რომ არ არის, შეხვედრიდან უკვე რამდენიმე წუთში გახდა ჩემთვის ცხადი. ეს მისი ცხოვრებაა, რომელსაც მეუღლესთან ერთად უანგაროდ უძღვნის საკუთარ დროს, ენერგიას, არც კრეატიულ იდეებს აკლებს და არც თავდაუზოგავ შრომას, თავადაც უზომო სიამოვნებას გრძნობს ამ ყველაფრით და იქ მისულ სტუმარსაც ნამდვილად აძლევს სიამოვნების შესაძლებლობას.  ზემოთხსენებული კომბინაცია აქაც სახეზეა და ისევ მივყავართ ძალიან წარმატებულ ბიზნესამდე, რომელსაც ნამდვილად გამორჩეული ადგილი უკავია შვეიცარიის მრავალრიცხოვან სასტუმროთა რიგებში. 
 

და მაინც ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რით არის გამორჩეული ეს სასტუმრო, გარდა იმისა, რომ სტუმრებსა და თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული მასპინძელი ჰყავს. 

სასტუმრო ჰირშენი, მართალია, არ არის ვენახებით გარშემორტყმული, მაგრამ ის მაინც გამოგზაურებთ ღვინის სამყაროში. აქ ყველაფერი ღვინის გარშემო ტრიალებს და გარდა იმისა, რომ უგემრიელეს კერძებთან ერთად საუკეთესო ღვინოების დაგემოვნება შეგიძლიათ უძველეს ღვინის საცავსა თუ ვახშამზე, ღამეც სხვადასხვა მეღვინეთა სახელობის ნომრებში, მათი ისტორიების, ღვინოების გარემოცვაში შეგიძლიათ გაათიოთ. სასტუმროს თითოეული ნომერი კონკრეტული მეღვინის სახელს ატარებს, ავეჯი, დეკორაცია და სხვადასხვა ნივთი არაპირდაპირ ამ მეღვინეზე გვიყვება. თუმცა ერთი კონკრეტული ნომრის ფანჯრიდან პირდაპირაც ვხედავთ ბინოკლით  ვენახს, რომელიც "ამ ნომრის მეღვინეს" ეკუთვნის. 

სასტუმროს არცერთი ოთახი მეორეს არ ჰგავს, ყველა უნიკალურია, თუმცა მე მაინც გამოვარჩევდი ერთს, რომელიც უფრო ღვინის მარანს ჰგავს და ასეც ჰქვია. უჩვეულოა, გეძინოს ორ ღვინის საცავს შორის, რომლებშიც საჭირო ტემპერატურაზე ორმოცზე მეტი სახეობის საუკეთესო ღვინოა მოთავსებული. გემოვნების მიხედვით, შეგიძლია თეთრი ან  წითელი ღვინის საცავის კარი შეაღო შენსავე ოთახში, შენ თვითონ შეარჩიო სასურველი ღვინო და ისიამოვნო ისე, როგორც ამას თავისი საქმის  კეთებით ალბი ფონ ფელთენი აკეთებს. 

გიყვარდეთ საკუთარი საქმე, ჩადეთ მაქსიმალური ენერგია, იყავით განსხვავებული, წარმატება თავად მოგაგნებთ!

 

« უკან
261
Login