20/09/2022

გზა შენი წარმატებისკენ

გზა შენი.png

elene-modified.png  ავტორი: ელენე მარტყოფლიშვილი

ბიზნესის დაწყების ინსპირაციას ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა წყარო აქვს.  ზოგი საყვარელ საქმიანობას, საკუთარ ჰობს აქცევს ხოლმე შემოსავლის წყაროდ, ზოგი კი მეზობელს, მეგობარს, საბაზრო ტენდენციებს აკვირდება, სწავლობს რა არის მოთხოვნადი იმ ეტაპისთვის, რომელი ,,ბიზნესია მომგებიანი“ და აქედან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას. ხშირ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება, სამწუხაროდ,  უბრალოდ სხვის მიბაძვას ნიშნავს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, განსხვავებული ინტერესის სფერო და შესაძლებლობები აქვს. მეგობარს თუ კაფე აქვს და კარგ მოგებაზეც გადის, არ ნიშნავს, რომ იგივე საქმიანობა თქვენთვისაც მომგებიანი იქნება. თქვენი ბიზნესი წარმატებული იმ შემთხვევაში იქნება, თუ ბაზრის კვლევისა და მომხმარებლის საჭიროების შესწავლასთან ერთად თქვენთვის სასიამოვნო საქმის კეთებას დაიწყებთ. 
გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში.
პირველ რიგში, ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად საკუთარი ნიშა უნდა იპოვოთ და თქვენი პროდუქტი ან სერვისი სწორად შერჩეულ სეგმენტს შესთავაზოთ.

წარმატებული ბიზნესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მახასიათებელს წარმოადგენს კონკურენტული უპირატესობა, რომელიც სხვადასხვა ნიშნით შეიძლება იყოს განპირობებული: ფასი, ხარისხი ან სხვა სპეციფიკური მახასიათებელი, რაც თქვენს პროდუქტსა თუ მომსახურებას გამოარჩევს ბაზარზე არსებული მსგავსი შეთავაზებისგან. ამისთვის სიღრმისეულად უნდა შეისწავლოთ კონკურენტები, დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ ბაზრის კვლევასა და განვითარებას. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი განსხვავებულობა თქვენი სიძლიერეა. 

deference.png

ბიზნესის მართვა დიდ ჯაჭვს წარმოადგენს. საწყის ეტაპზე ჩადებული ინვესტიცია არ არის საკმარისი მისი ზრდა-განვითარებისთვის, რის გამოც მიღებული შემოსავლის რეინვესტირება და ისეთი მიზნებისთვის მოხმარება მოგიწევთ, როგორიცაა: ხარისხის გაუმჯობესება, ასორტიმენტის გამრავალფეროვნება, საკუთარი და პერსონალის ცოდნის გაღრმავება, მიწოდების და გაყიდვის ახალი არხების აღმოჩენა. 

არასოდეს დაგავიწყდეთ: 
ხარისხი მომხმარებლისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ცხადია, ამ მხრივაც მოწინავე ადგილს უნდა იკავებდეთ. 

ბიზნესის წარმატების აუცილებელ წინაპირობას ამ ყველაფერთან ერთად ასევე მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პერსონალი წარმოადგენს. თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება საუკეთესო ინვესტიციაა, რაც კომპანიას შეუძლია გაიღოს  საკუთარი უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ამიტომ, მოგების ნაწილი თანამშრომელთა კომპეტენციის ასამაღლებლად გამოიყენეთ. მიმართეთ სხვადასხვა საინტერესო ტრენინგებსა თუ ვორკშოპებს. 

რადგან ერთგული, მოტივირებული, კვალიფიციური თანამშრომელი კომპანიის ყველაზე ფასეულ აქტივს წარმოადგენს, საჭიროა, მას თავი დაფასებულად აგრძნობინოთ. იმისთვის, რომ ის საკუთარ საქმეს  მოვალეობის მოხდის მიზნით კი არა, ენთუზიაზმითა და მთელი შემართებითაც ასრულებდეს, მუდამ უნდა ცდილობდეთ სხვადასხვა ხერხებით გაზარდოთ მისი მოტივაცია. არც სიტყვიერი შექება უნდა დაიშუროთ და საჭიროების შემთხვევაში ფულადი ჯილდოს გაცემაზეც არ უნდა თქვათ უარი. 

ბიზნესის წარმატებით მართვა ამ ყველაფერთან ერთად ნიშნავს მუდმივ ზრუნვას საკუთარ განვითარებაზე. როგორც მმართველი დიდ ყურადღებას უნდა აქცევდეთ მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომებსა და ტენდენციებს, რათა ზემოთ ნახსენებ ბიზნესის მართვის ჯაჭვში ყველა რგოლი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოდიოდეს და შეძლოთ თანამედროვე კონკურენტულ სამყაროში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება. 
და ბოლოს: იყავით დარწმუნებულნი თქვენს მიზნებში და აკეთეთ თქვენთვის საყვარელი საქმე, რადგან ,,რაც უფრო თავდაჯერებით მიიწევთ მიზნისკენ, მით უფრო ადვილად აღწევთ წარმატებას“ - ჰენრი დევით ტორეუ.

« უკან
890
Login